![]() |
| სცენა სპექტაკლიდან |
ამ დღეებში, თქვენ თუ თბილისში, საბურთალოს რაიონში „რკინის თეატრის“ მწირე რეპეტუარის ახალ წარმოდგენას - „ჩიტებს“ ეწვევით, ზაფხულში დასასვენებლად წასვლა აღარ დაგჭირდებათ. გადაიხადეთ ბილეთის ფული და წადით თეატრში, ვინაიდან სპექტაკლის პირველ ნაწილში ჩიტების საამურ ჟღურტულს, მარადიული უსასრულობით მოისმენთ. რეჟისორი დავით ანდღულაძე ხელს უწყობს იმ აგარაკ და სოფლის სახლ-უქონელ, დედაქალაქში შერჩენილ თანამემამულეებს, რომლებიც სიდუხჭირის გამო, ყოველდღე თბილის-ქალაქის სექენდ-ჰენდური მანქანების გამონაბოლქვს ყლაპავენ და ქალაქის ცოცხალ ფილტრებად გვევლინებიან.
ჩიტების ჟღურტულში ძლივს გაიგონებთ მთავარი მოქმედი გმირების, ყოფილი მორაგბის (მსახიობი
დავით როინიშვილი),
ახლა ლოთის და ორი მამაკაცის, ერთი ქალის - ნაზიკო დეიდას (მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე) ურთიერთობის ამსახველ ტექსტებს, რომელიც ლაფში მოსრიალე მანქანის ბორბალივით ტრიალებს და ტრიალებს, მაგრამ გზაზე ვერ ამოდის და შესაბამისად ვერც ჭეშმარიტ სცენურ ცხოვრებას განაგრძობს.
ჩიტების საამურ ჭიკჭიკში, მითუმეტეს თუ საუბარი ბოლომდე არ გესმის, ათვალიერებ სცენის კონცეპტუალურ დეკორაციას, სარკეებს, სავარძლებს და ხელოვნურ ბალახზე დადგმულ, „საინტერესოდ“ მომზირალ რამდენიმე უზარმაზარი ვირთხის ფიტულს, რომელიც არარეალური ისტორიის - ქართულ სოფელს შესეული, უცხოეთში გამდიდრებული ქართველი მემამულეების სიმბოლოს და სახე-ხატებას წარმოადგენს.
ნაზიკო დეიდა და მისი ბოიფრენდი (?) სოფლად იმყოფებიან, ხანში შესულმა ქალბატონმა სახლი უნდა გაყიდოს. შუამავალი ვასიკო, რომელიც დასავლეთ საქართველოსთვის
დამახასიათებელი
აქცენტით,
კომედიური
გმირის შექმნას ცდილობს, მამულის იაფად ხელში ჩასაგდებად ათასნაირ ხრიკს იგონებს. ახალგაზრდა კაცი, ამ პაექრობაში, დეიდა ნაზიკოს მიმართ, რატომღაც სექსუალური ვნებებით აინთო. მისი მოტივაცია გაუგებარია, მაგრამ რეჟისორ დავით ანდღულაძეს გამოცდილება კარნახობს – რომ ეს შესაძლებელია, მაშინაც კი, როცა ნინელი ჭანკვეტაძის პერსონაჟს ფერ-ხორცის შემნიღბავი ტანსაცმელი აცვია.
აჰა, მივაგენი! სცენის სარკეების უკან, ალბათ ბუჩქები იგულისხმება, საიდანაც ბავშვობაში, პატარა ვასიკო ჩუმ-ჩუმად თვალს ადევნებდა ახალგაზრდა ნაზიკოს ხალვათად შემოსილ სხეულს და მისმა ოცნებამ თუ ტრავმამ, გამაოგნებელი რეზულტატის სახით, ზრადასრულ ასაკში იფეთქა.
ან იქნებ, რეჟისორის აზრით, ასაკოვან ქალში, მაინც ჟონავს შლეგიანი ეროტიკული ენერგია, რომელიც ვასიკოს ისე ააჭიხვინებს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველი მემამულის – მურმანის დავალებას: „ნაზიკოს სახლი გააყიდინე“ – დაავიწყებინებს. ან იქნებ თვით მურმანმა უბრძანა: ჩემი ცოლი შენც აცდუნე და ეს უფრო გამართობსო. ან იქნებ - თუ ყოფილ მორაგბესთან ნაზიკო უპრობლემოდ, დღისით, მზისით დასეირნობს, მე ვასიკო, მასზე ნაკლები რით ვარო და ა. შ.
დეიდა ნაზიკოს, რომელიც ჩაცმულობით არარეალურ პერსონაჟს – ქართველ ჰიპს მოგაგონებთ, არ ტოვებს მშობლიური კუთხის სიყვარული, სახლის გაყიდვას ვერ ეგუება, მერყეობს და სპექტაკლის ფინალისკენ მიმავალი, ცვლის თავის გადაწყვეტილებას და გვახარებს – აღარ ვყიდი სახლს, თუმც ბოლოს, მაინც ჰყიდის, თვითონაც ტირის და მაყურებელსაც ატირებს. ისე, მე არ ავტირებულვარ, ვინაიდან პანიკურმა შიშმა შემიპყრო – თუ სპექტაკლის დაწყებამდე ჩქამიც
კი მესმოდა, მერე ვფიქრობდი: თუ სხვა
მაყურებელს
რეაქცია აქვს, მე რატომ
არ მესმის...
სპექტაკლის შემდეგ კვლავ გავიგონე ქუჩის ხმაური და შინ მისულს მიხეილ თუმანიშვილის შეგონება გამახსენდა – სცენური დიალოგი არ გესმის მაშინ, როცა ფრაზა აგებული არ არის. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ,
რომ „ჩიტების“ ე. წ.
ფსიქოლოგიური
დიალოგები,
სწორედ, რომ ფსიქოლოგიური გაუმართაობით, თავდაღმართზე კისრის ტეხით მირბოდნენ, აი, მაშინ მივხვდი, რატომ არ მესმოდა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, თუ არ გესმოდა, მაშ ეს ამბავი როგორ მოყევიო. მერწმუნეთ, სპექტაკლის ამბის გასაგებად, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების უნარ-ჩვევები გამოვიყენე და საკუთარი თავი საშიში გამოცდის წინაშე დავაყენე – გავიგე თუ არა, ეს ამბავი? ვინმემ, რომ მკითხოს – მომიყევი, რა ნახეო, რა ვუპასუხო? ამ წვალებ-წვალებით განვლე სცენური ცხოვრების მაყურებლის როლმორგებული 1 სთ. და 20 წუთი და ფინალში თავის ქალაზე მსუბუქი სიმძიმე ვიგრძენი. უმალ ავდექი, მაყურებელთა სკამებს ანუ კიბეებს, დიახ, დიახ! კიბეებს და არა სკამებს გადავახტი, სცენზე ატყორცნილ სარკეში ჩავიხედე და გაოცებულმა ჩემ თავზე გაჩენილი უხილავი შარავანდედი ვიხილე. აქ უკვე სპექტაკლში უხვად მოსმენილი „შერბურის ქოლგების“ მუსიკა ჩამესმა, სიყვარულის ფრთებისაგან ბეჭებზე ქავილი ამიტყდა და ჩემ
ქოლგას, „თბილისის ჩინური ქოლგების“ ერთ-ერთ
წარმომადგენელს, ხელი ვტაცე და მოსაფხანად მოვმართე. არ გამიმართლა: სიჩქარეში ღილაკს ხელი დავაჭირე და ანდღულაძისეული ფანტაზიით გათამამებულმა, თეატრიდან გასვლა, მოკლე გზით, ფანჯრიდან გადავწყვიტე. ის იყო გაშლილი ქოლგით, ღია ფანჯრიდან მერი პოპინსივით გაქრობას ვაპირებდი, რომ წინ ანტონ ჩეხოვი შემეფეთა და გადახტომაში ხელი შემიშალა. თვალით ვანიშნე – საქართველოში რა გნებავთ? მან მიპასუხა: ჩემი „ალუბლის ბაღის“ ქოქრაშვილ-ანდღულაძისეული ვერსიის ამბავი გავიგე და პრემიერაზე მოვედიო.
სწორედ ბატონმა ანტონმა მიმახვედრა, რომ ქართველი რანევსკაიას ანუ ნაზიკო დეიდას ლოპახინი, უცხოეთში ფულის კეთებაში ჭიპმოჭრილი, მაგარი ბიზნესმენი, მისი ქმარი თუ ქმარყოფილი – მურმანია, რომელსაც მშობლიური სოფლის ტერიტორიიდან, ახალი ბიზნესისთვის თუ უბრალოდ, ხუშტურისთვის – ხალხის გასახლება სურს. თუ მითიური მურმანი, რომელიც რეჟისორული მიგნების უზადო ხერხით - კბილებდაკრეჭილი
სამი ვირთხის სტატიკური იდუმალებით გვევლინება და გვატყობინებს ბევრი დაცარიელებული ქართული სოფლის ერთადერთ ანდღულაძისეულ კვლევას, რომელიც ბნელ, კაპიტალისტურ სისასტიკეს (ასე გვასწავლიდნენ კომუნისტურ ეპოქაში) უკავშირდება, გავიფიქრე: „აი, სოფლის დაცარიელების მიზეზი! თურმე ქართველებს, მთელი ევროპის ბიზნესი ხელში უჭირავთ და მხოლოდ იმიტომ აგროვებენ ფულს, რომ ოჯახის წევრები გადაასახლონ, გაალოთონ და მეზობლებიც ზედ მიაყოლონ, რათა უკაცრიელ სოფელში მარტოდ-მარტო ინავარდონ, ნაშები მოიყვანონ და დაგროვილი კაპიტალი გაასკეცონ.“
სპექტაკლის შეგონება სახეზე მქონდა: ეს უზნეო მურმანი, საკუთარი შვილის გალოთებულ დედას ასე, რომ ანადგურებს, არ ინდობს და ბედკრულ მიჯნურებს, მარტო ალკოჰოლის ფულს უტოვებს, წარმოიდგინეთ, რას უზამს სოფლის ჯერ კიდევ გაუსახლებელ, ლიმონათის მოყვარულ მოსახლეობას. ანდღულაძისეული „ჩიტები“,
მართლაც რომ სინამდვილეს შეესაბამებოდეს,
ხომ დავიღუპეთ მთელი ერი? ქუჩაში ნაცნობმა მითხრა: ამბობენ, რეჟისორს უცხოეთის ერთ-ერთი საიდუმლო ორგანიზაცია აფინანსებს, რათა მან ევროპაში ქართველების მასობრივი ფინანსური წარმატების ამბავი გაავრცელოს და საქართველოში
დაანგრიოს
ის ცრუ ინფორმაცია, რომ ვითომდა მოხუცებს უვლიან, ფორთოხალს კრეფენ და შინამოსამსახურედ
მუშაობენ.
როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეს ინფორმაცია მარტო ქალებზე ვრცელდებოდა. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი ანდღულაძის აზრით, ჩინეთის კედლიდან დაწყებული, მადაგასკარის გავლით, ალიასკით დამთავრებული, უცხოეთის მთელ ბიზნესს, „ლისიჩკასავით“ ხელში ათამშებენ.
„რკინის თეატრი“ „ჩიტების“ სახით ახალ ტრაგედიას ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს,
ვინაიდან პიესა განზოგადებას ვერ აღწევს და რჩება ორი გაბომჟებული ლოთის ცრემლიან ამბად, რომელსაც სოფლის ორღობეში თუ გაარჩევს ზაფხულის „საღამოს ბირჟაზე“ გამოსული დედაკაცთა თავყრილობა. იფანტაზიორებენ დედაკაცნი, ტყუილ-მართალს აურ-დაურევენ,
გაერთობიან
და მერე ამ ამბავს თვითონაც, რომ დაიჯერებენ, მისი გავრცელების გზას ინტერნეტზე უფრო სწარაფად მონახავენ, მაგრამ „რკინის თეატრის“ მსგავსად სპექტაკლის დადგმას არ დააპირებენ.
P. S. „ჩიტების“ პროგრამაში წერია, რომ სპექტაკლში
მონაწილეობს
ზურაბ ყიფშიძე, არადა, მარტო დასაწყისში მოვისმინეთ ხმა მისი, რომელიც პროგრამის ტექსტს კითხულობდა. მსახიობის სპექტაკლში მონაწილეობის ახალმა ხერხმა, დიდი გავლენა მოახდინა მაყურებელზე.
P. S. S. მეცნიერული კვლევებით დადგინდა: ანდღულაძე შეკრული ყოფილა იმ სამრეცხაო ბიზნესთან, რომელიც ტანსაცმლიდან ფეხსაცმლის კვალს აქრობს, ახდენს მის დეზინფექციას და განახლებული სახით პატრონს უბრუნებს. სწორედ ამიტომ „რკინის თეატრში“ ნახავთ სკამ-საფეხურებს, ანუ მაყურებელი
ჯერ მასზე დადის და როცა მიაგნებს მისთვის განკუთვნილ ადგილს, სხვის ჭუჭყიან ნაფეხურებზე ჯდება. სპექტაკლის უხილავი გმირის - მურმანისგან განსხვავებით, დავით ანდღულაძე, „სულ სხვა ბიზნესში“-ში გადავიდა, ვინაიდან თბილისის ცენტრალურმა ქიმწმენდამ
„რკინის თეატრის“ მაყურებლის ტანსაცმლის გასუფთავებას მიჰყო ხელი. ამის გამო, „ათას წვრილმანში“ თურქული სარეცხი ფხვნილი დეფიციტური საქონელი მაინც ვერ გახდა,
იმიტომ რომ „რკინის თეატრის“ დარბაზი ცოტა მაყურებელს იტევს. სპექტაკლში ბიზნესმენმა მურმანმა გაიმარჯვა, რეჟისორმა დავით ანდღულაძემ კი, „ახალ
ბიზნესში“? კრახი განიცადა.





Комментариев нет:
Отправить комментарий